Home > Work > ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3) QUOTES

1 " კაცისძწნიც და დევებიც მზის ქვეშ ცხოვრობდნენ, პური ერთნაირად მოჰყავდათ, ნახირს ერთნაირად მწყემსავდნენ, სანადიროდ ერთ ტყეში დადიოდნენ, ერთი მდინარიდან სვამდნენ წყალს, მაგრამ კაცისძენი მორიგე ცის გამგებელს უნთებდნენ სანთელს და მისთვის ლოცულობდნენ, სინათლისა და ბნელის ჭიდილში ნათელის მხარეს იდგნენ, დევები კი ბნელეთის მაუფის ერთგულნი იყვნენ და, მისი ბრძანებით, კაცისძეთა და ღვთისშვილთა მიწიდან განდევნას ცდილობდნენ. ტანით ბუმბერაზნი და ბალნიანნი იყვნენ. ტიკივით გაბერილებს, კასრივით ედგათ თავი ან თავები: ხან - ორი, ხან - სამი, ხან - ცხრა, ხანაც - თორმეტი, მაგრამ ერთთავიანები მაინც მეტნი ყვნენ, თანაც დანარჩენთაგან განსხვავებით, უფრო გონიერნი. თვალიც ყველას ორი არ ჰქონდა, ზოგიერთს ერთი დიდი თვალი აჯდა შუბლზე. აი, რქები კი ყველას ამშვენებდა: ზოგს - მოზრდილები, ზოგს კი - ისეთი პაწაწინა, თითქმის არც უჩანდათ. ცოტა ბრიყვებიც იყვნენ. იქნებ, ამიტომაც აღარ ახსოვდათ, რომ კაცისძეთ ყოველთვის არ მტრობდნენ. მხოლოდ მას მერე, რაც ქვესკნელის მეუფემ მოსთხოვათ, კაცისძეთა განდევნაში დამეხმარეთ და, სანაცვლოდ, მათ მიწებს თქვენ მოგცემთო, დევებმაც ცდუნებას ვერ გაუძლეს და დასთანხმდნენ. ამ ფიცმა ხომ სულ დაუბნელათ გონება. ნელ-ნელა გაავდნენ დ გამხეცდნენ. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

2 " ბეჩოს ძველი დიდებიდან აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი: ახალი მთვარის შუქზედაც კარგად ჩანდა დევებისგან აოხრებული და ჩამოქცეული კოშკები. არადა, იყო დრო, როცა ლამპრობას - ახალი წლის პირველ ახალმთვარობას, ყოველთვის აქ ხვდებოდა თავის რჩეულ გვარებს - რატიანებსა და მჭედლიანებს სტუმრობდა, მათთან ერთად უნთებდა ლამპარს მორიგე ცის გამგებელს და ევედრებოდა კაცისძეთათვეის აეცილებინა ავადმყოფობანი, უხვად ჰყოლოდათ საქონელი და ავდარს არ შეეწუხებინა ისინი. ყველა ოჯახიდან იმდენი ლამპარი გადიოდა, რამდენი ვაჟკაციც ცხოვრობდა, შესაწირი საკლავის - მოზვრის, ვერძისა თუ კერატის - გასუქებას შემოდგომიდანვე იწყებდნენ. დღეს კი აქ თითო-ოროლა სამოსახლო თუ იყო დარჩენილი, რომელნიც დევების ყმები არ გამხდარიყვნენ. თანაც იქ მხოლოდ მოხუცებიღა ცხოვრობდნენ.
ბერმა ცხენი მირონ რატიანის კოშკთან შეაჩერა. შარშან, ამ დროს, მირონის ოჯახიდან ექვსი ლამპარი გაიტანეს. ბერს კარგდ ახსოვდა, რა ამაყად მიუძღოდა წინ ოჯახის უფროსი თავის ხუთ ვაჟკაცს. დღეს კი, დარდისგან ადრიანად დაბერებული და გათეთრებული მირონი მარტოდმარტო ცხოვრობდა ლოგინს მიჯაჭვულ ცოლთან, მართასთან ერთად. იმ დღის შემდეგ ჩავარდა ლოგინად უბედური ქალი, როცა მწირმა ამბავი მოუტანა - აღარც ერთი ვაჟი არ დაგიბრუნდება, ყველამ დევებს შეაკლა თავიო. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

5 " მთიელების ყურადღება ერთ-ერთმა მებრძოლმა მიიპყრო, მას სხვებისგან განსხვავებით მოკლე ჯაჭვის პერანგი ეცვა, სახეს კი მუზარადი უფარავდა. ორივე ხელში ორლესული ცულები ეჭირა და ისე სწრაფად და ოსტატურად ატრიალებდა, თითქოს ცეკვავსო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელების მოძრაობას თავის მოქნევასაც ამატებდა. ამ დროს მისი გრძელი რკინის ეკლებჩაწნული შავი ნაწნავი ჰაერში მათრახივით გაიელვებდა და ქაჯს მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. ბოლო ცოცხლად დარჩენილი ქაჟიც რომ ძირს დასცა, მუზარადი მოიხადა. მთიელები სახტად დარჩნენ. ვაჟკაცი მეომრის ნაცვლად, მათ წინშე ოციოდე წლის ძალიან ლამაზი ქალიშვილი წარსდგა. ...

... ღვთისშვილები ჯერ კიდევ გაოგნებულები შესცქეროდნენ ქალიშვილს. იარაღიანი ქალი როგორ არ ენახათ. ისინი მათ მხარეშიც, თუ საჭირო იყო, კაცებს გვერდში ედგნენ, მაგრამ მებრძოლი მთიელი ქალი მეომარში არ შეგეშლებოდა. თუთა სხვა იყო, ყოველ მის მოძრაობას ეტობოდა, საბრძოლო ხელოვნებაში დიდად იყო განსწავლული. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

6 " მოდი, ბარბალეზე მოგიყვებით ჯერ. ბარბალე დედობის, შვილობისა და ფურობის სიმრავლისა და სიუხვის მფარველია. ბარბალე გვიცავს ტკივილებისაგან, ავადმყოფობისაგან, ბატონებისაგან.
ახლა კვირიაზე მოგითხრობთ. კვირია მორიგეს მთელი ხმელეთის მართვაში ეხმარება და მზისქვეშეთში სამართლიანობას განაგებს. ამიტომაც უწოდებენ ხმელთმოურავს. მისი კარავი ოქროს ტახტის ახლოს დგას და შიგ სამწერლო აქვს გამართული, მის ცოდვა-მადლის წიგნში ჩვენ მიერ ჩადენილი სკეთე და ბოროტება წვრილად იწერება. ვაი მას, ვინც კვირია ხმელთმოურავს განარისხებს. მისი ცეცხლოვანი მათრახით უცილობლად დაისჯება.
ელიას კი ცა და ღრუბლები აბარია. იგი კოკისპირულ წვიმას და გვალვას განაგებს. უსინათლოა, ამიტომ მისი გამოგზავნილი სეტყვა ხან სად დაჰკრავს და ხან სად. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

7 " უცნაური ტყუპები ჰყავდა მთავარ ბაკურს: კაისა და თუთა - მამის ყველაზე დიდი სიხარული და ტკივილი. დედის სიკვდილის შემდეგ კაისამ ბინა ჩრდილოეთის მთებში დაიდო, კლდეში ამოკვეთილ ოკშის ციხესიმაგრეში. უდედოდ ვერ გაჩერდა ფასისში. დედოფალი არია კაისასთვის დედაც იყო, მეგობარიც და მასწავლებელიც. როცა არია მიხვდა, რომ კაისა ღმერთმა მასავით უცხოთა ფიქრების წაკითხვის უნარის ზებუნებრივი ნიჭით დააჯილდოვა, ამ ძალის სრულიად გამოყენების შესწავლა დააწყებინა. დედოფალი გაოცებული იყო შვილის ნიჭით. გრძნობდა, კაისა ბევრად აღემატებოდა მას, მაგრამ შვილის განსწავლა არ დასცალდა. თხუთმეტი წლისანი იყვნენ გოგონები, როცა დაობლდნენ. კაისამ ზღვის თავზე, კლდეში ამოკვეთილ ოშკის მიუვალ ციხესიმაგრეში აიტანა დედის ნაჩუქარი წიგნები და მარტოდმარტო ეუფლებოდა მათში დაფარულ სიბრძნეს. თუ კაისა სულ დედის გვერდით იყო, თუთა მამას არ შორდებოდა. ბაკურმა იგი ნამდვილ მეომრად აღზარდა. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

8 " მულახმა ოთხი მოსამსახურე მიუჩინა ღვთისშვილებს, ოთხივე - ქალი: მაღლები და ტანადები, ხოლო მათი ფართო ბეჭები ვაჟკაცს უფრო დაამშვენებდა. ჩაცმულობაც ხალიბი მეომრისა ჰქონდათ. ნაბდის პერანგები მუხლამდე სწვდებოდათ, საკინძის ზედა სამი ღილი შეკრული არ ჰქონდათ და შიგნიდან სელისსარჩულიანი რკინის უმტკიცესი ძაფისგან ნაქსოვი პერანგი მოუჩნდათ. წელზე ვერცხლის განიერი ქამრები ეკეთათ, მარჯვნივ ხმალი ეკიდათ, მარცხნივ - საქვეყნოდ ცნობილი კოლხური ცული.
- ეს რა ჯანიანი ქალები ჰყოლიათ, - უთხრა იახსარმა პირქუშს, როცა მარტო დარჩნენ.
- ამ ქალებს, დღეს რომ გვემსახურებიან და თავს დაგვტრიალებენ, მცველებს ეძახიან. უბადლო მეომრებად არიან გაზრდილნი, ხალიბ დალებსაც უწოდებენ. აქაურ უხუცეს სწავლულთა და საიდუმლო გრაგნილთა დაცვა-განადგურებაც მათ ევალებათ.
- განადგურება? - გაიკვირვა იახსარმა.
- ჰო, განადგურება. ხალიბი უხუცესნი და სწავლულები ტყვედ არ ვარდებიან, - მიუგო პირქუშმა. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

9 " პირქუში ნამდვილ პატრონად მოევლინა ბაცალიგოს. შესახედავად ახოვანი და მეტად ტანადი იყო, მუდამ შეჭმუხნული წარბები მის სახეს მკაცრ იერს აძლევდა. კოჭლი კი იყო, მაგრამ ამას ვერც ამჩნევდნენ მისი ვაჟკაცობითა და სილამაზით მონუსხული ქალები. ბნელეთის ძალებს შეუპოვრად ებრძოდა, სადაც დაჩაგრული იყო, უმალვე იქ გაჩნდებოდა, თანაც მაშინ, როცა არავინ ელოდა. არც შორ მგზავრობას ერიდებოდა, ოღონდ ავსულებისაგან შეჭირვებულისათვის დახმარების ხელი გაეჭვდინა. მისი განუყრელი იარაღი მოვერცხლილი, ყაწიმით ჩამოკიდებული ხმალი იყო. სამხარიღლივო ღვედებიც ვერცხლის ბალთებით ჰქონდა შემკული. ბრძოლებისგან თავისუფალ დროს სამჭედლოში ატარებდა და რას არ ჭედდა კაცისძეთათვის: სახნისებს, ცულებს, წალდებს - ყველაფერს, რაც მეურნეობაშ გამოიყენებოდა. იარაღის გამოჭედვაშიც ერთობ დაოსტატებული იყო. ოქროსა და ვერცხლისგან გამოჭედილ მის სამკაულებზე ხომ ბევრ ქალს რჩებოდა თვალი. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

10 " ცის სამეფოშია მორიგე გამგებლის სამყოფელი. ერთ ძალიან მაღალ მთაზე, მის მწვერვალებს ღრუბლებიც რომ ვერ სწვდებიან, ციხე დგას; სწორედ იქ არის ღვთის კარი, მის იქით ოქროს ტახტზე მორიგე ღმერთია დაბრძანებული და ოქროს ბაგეებით იძლევა ბრძანებებს. მის სამლობელოში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ შეიძლება მისვლა. ოქროს ტახტის გვერდით ქვესკნელში ფესვებგადგმული ალვის ხე დგას, რომლის წვერში ოქროს ცხრაკეცი ჯაჭვია. ალვის ტოტებზე თეთრმხრიანი ღვთისშვილები ჰყავდა, სანამ ჩვენთან გამოგზავნიდა. ალვის ხის ფესვებში უკვდავების წყარო - ვეშაწყარო - მოსჩქეფს, რომელსაც გულმოდგინედ იცავს ღვთაებრივი ვეშაპი. ციხიდან ამ წყარომდე არხია გაყვანილი, სწორედ ამ არხით დაჰქრიან ღვთისშვილები. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

11 " ბერმა ბუქნაი ბაადურმა იერემიას უბრძანა, სტუმრები სასანთლეში ღვთის კართან მიეყვანა. დარბაზის შუაგულში დაბრძანებული ღვთის კარი თეთრი ქვის დბალი კედლით სამი მხრიდან იყო შემოსაზღვრული, შიგნით, ზედ საძირკველზე, მთლიან თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქვის სვეტი - საკურთხეველი - შუა კედელთან იყო მოპირკეთებული. კედლებს გარშემო მტკაველი სიღრმის ღარი მიუყვებოდა. კუთხეებში ვერცხლის ვეებერთელა ჭიქა-ბარძიმები იდგა, კაცს მუხლის ზემოთ რომ მისწვდებოდა ისეთი. ორივე არწივისბრჭყალებიან ექვს-ექვს კლანჭზე იდგა, ხოლო თასებს ვერცხლისავე ფრთაგაშლილი არწივები ამკობდა, რომელთაც თვალებში ჩასმული ალმასები უელავდათ. ღვთის კარზე სანთელი არენთო, იგი დარბაზში უხვად დანთებული სანთლებისა და კელაპტრების შუქით ნათდებოდა. ბარბალეს გირგედი - მარმარილოს მრგვალი დისკო - საკურთხეველზე იყო დასვენებული. დარბაზში მყოფი მგალობლები მზისა და მთვარის, დედობისა და ფურობის მფარველის, სახად-ბატონებისა და ტკივილის განმდევს, დიდ ბარბალეს უმღეროდნენ.
მზე შემოაქვთ რქებით ხარებს!
მზე შენია, ბარბალ-დოლაშ! "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

15 " როგორც გითხარით, მორიგე ცის გამგებელი განრისხებულია, მაგრამ უსაზღვროა მისი სიკეთე, არ ინება ჩვენი ქვეყნიერების სამუდამო მიძინება სა ახალი ქვეყნიერების გამოღვიძება. კიდევ მოგვცა საშუალება, დავუმტკიცოთ, რომ ღირსნი ვართ, დღისით მზეს ვუცქიროთ და ღამით მთვარემ გაგვინათოს გზები. ალბათ ყველას გიკვირთ, თავს არ ვზოგავთ, მაგრამ ქვესკნელი ნელ-ნელა ზევით იწევს. მართალია, არც ერთ ღვთისშვილს არ მიუცია ბნელთმეუფისთვის ერთგულების ფიცი, მაგრამ კაცისძეთ ძალიან გაუჭირდათ სიმტკიცის შენარჩუნება. ქვედკნელის კარიბჭეს ვეღარ ვიცავთ. ამის მიზეზი კი ხალიბური ფოლადისგან ქვესკნელის შავ-ცეცხლზე გამოჭედილი ბალღამის თასი ყოფილა. ...

... მთელი ქვეყნიერების დარდი და ტკივილი ბალღამად მიწაში იჟონება და ამ თასში გროვდება. მთელი წელი უნდა მის ავსებას. წელიწადში ერთხელ ყველა ავსული გროვდება ამ თასთან და ძალების განსამტკიცებლად თითო პეშვ ბალღამს მიირთმევს, სანამ თასი არ დაცარიელდება. თურმე ასე გრძელდება წლობით. აი, რა აძლევთ უშრეტ ძალას ავსულებს.
სამწუხაროდ, მისი დამსხვრევა ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან თავზე არ გვადგას მეუფების ნათელი - ერთადერთი სხივი, რომელიც გაფანტავს ბნელეთის ბურუსს, ასეთებად არ გავუჩენივართ ცის გამგებელს. ეს მადლი მხოლოდ ახალდაბადებულ ყრმას შეუძლია იღოს გამჩენისგან. მხოლოდ იგი ჩაიცვამს საომარ პერანგს და ზარდამცემი მეუფების ნათელგვირგვინიანი, ბნელეთის გამკვეთ ხმალს აღმართავს. ცის გამგებელი კი გვამცნობს, რომ მალე ასეთი ყრმა დაიბადება. "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)

18 " ოი, ლილე, შენი დიდებითა სავსე. ოი, ლილე!
ოი, ლილე, დიდება, დიდება მზისმყოლთ ანგელოზთა. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შევშთხოვთ შეწევნას. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შეგვეწიოს მისი ძლიერება. ოი, ლილე!
ოი, ლილე, სალოცავი გქონიათ შესაწირავი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ხარები გყავდათ დათქმული. ოი, ლილე!
ოი, ლილე, რქები ედგათ ოქროსი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ვერძები გყავდათ შესაწირავი. ოი, ლიე!
ოი, ლილე, რქები ედგათ დაგრეხილი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ბუღრაობდნენ ქედიდან ქედამდე. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შენს საძირკველთან ირმები იწვნენ. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შენს ქონგურებს შევარდენი არტყია. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ზღუდე გარტყია ოქროსი, ოი, ლილე!
ოი, ლილე, სახლი გედგა უზადოდ აგებული. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა აქ მყოფნი. ოი, ლილე! "

Natalie Davitashvili , ამბავი ლილე იროელისა (იროელთა ქრონიკები, #3)